კომპანია Boeing-მა სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანას (ATC) 9,4 მლნ დოლარის ღირებულების შეკვეთა გაუფორმა. როგორც Bm.ge საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, პროდუქციას Boeing-ი მომავალი წლის ბოლომდე მიიღებს.
„ჩვენ უკვე გავიარეთ სერტიფიცირების პროცესი, ავიღეთ ,,ბოინგის“ სერთიფიკატები. მომავალ წელს 3,7 მილიონი დოლარის შეკვეთა იყო დაგეგმილი და რეალურად, 9,4 მილიონის შეკვეთა გაფორმდა. ეს ძალიან დიდ წარმატებას ნიშნავს, გეგმის თანახმად, ხუთი წლის შემდეგ Boeing-თან 60 მილიონი დოლარის შეკვეთა უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ თუ ამ ტემპებით გავაგრძელებთ მუშაობას, ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკური ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს ამზადებს.
აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არამხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ,,საპარტნიორო ფონდმა“ და ისრაელის კომპანიამ Elbit Cyclone საქართველოში ერთობლივი სს ““Aerostructure TechnologiesCyclone’’ (ATC)” დააფუძნეს, რაშიც 93 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
საწარმომ მიმდინარე წელს, სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა.