ავიამშენებელი კონცერნის Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ კალჰუნის თქმით, საავიაციო ინდუსტრიაში კომპონენტების მიწოდების შეფერხება შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. კომპონენტების ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზღუდავს Boeing-ისა და Airbus-ის შესაძლებლობებს, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ წარმოება მზარდი მოთხოვნის ფონზე.
Boeing-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია წარმოების რეალურად გაზრდას მხოლოდ ინდუსტრიაში ვითარების დასტაბილურების შემდეგ შეძლებს, რასაც შესაძლოა წელიწადნახევარი დასჭირდეს. კალჰუნმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, 2035 წლამდე ვერც Boeing-ი და ვერც Airbus-ი ვერ შექმნიან ახალი თვითმფრინავის მოდელს.
Boeing-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) არასოდეს გახდება ისეთი იაფი, როგორც ჩვეულებრივი.