ამერიკული ავიამშენებელი კომპანია Boeing-ი, სავარაუდოდ, ჩინეთთან 500 თვითმფრინავის მიწოდების მასშტაბურ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. თუ შეთანხმება შედგა, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი 2017 წლის შემდეგ.
მხარეები ამჟამად განიხილავენ თვითმფრინავების ტიპებს, რაოდენობასა და მიწოდების გრაფიკს. თუმცა, წყაროების ცნობით, გარიგების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებასთან.
ეს პოტენციური კონტრაქტი მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის. როგორც ცნობილია, ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო კონსულტაციები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან Boeing-ის თვითმფრინავებზე მოთხოვნების დასადგენად.
Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთი ანალოგიური მასშტაბის გარიგებას აწარმოებდა Airbus-თანაც, მაგრამ ეს შეთანხმება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება 2023 წელსაც იგეგმებოდა, თუმცა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთს Boeing-ის თვითმფრინავების მიღება აშშ-თან არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო შეზღუდული ჰქონდა.












