აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ამერიკელმა მოსამართლემ გზა გაუხსნა Boeing-ისთვის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. ეს გადაწყვეტილება ავიამწარმოებელ კომპანიას პროკურატურის დევნისგან გაათავისუფლებს იმ ორი ფატალური კატასტროფის გამო, რომლებსაც 346 ადამიანი ემსხვერპლა (Ethiopian Airlines-ისა და Lion Air-ის 737 Max-ის თვითმფრინავები 2018 და 2019 წლებში).

მოსამართლის გადაწყვეტილებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და Boeing-ს შორის ძალაში შევა სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის არიდების შეთანხმება (non-prosecution agreement), რომლის ფარგლებშიც:

კომპანია 1.1 მილიარდ დოლარზე მეტ ჯარიმას გადაიხდის დაზარალებული ოჯახებისთვის.

Boeing-ი აიღებს ვალდებულებას, მნიშვნელოვნად გააძლიეროს უსაფრთხოების, ხარისხისა და შესაბამისობის (compliance) პროგრამები.

მოსამართლე რიდ ო’კონორის გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე დაიხურა, მიღებულ იქნა ზოგიერთი დაზარალებული ოჯახის პროტესტის ფონზე. ოჯახებს სურდათ, რომ საქმე სასამართლო განხილვაზე გასულიყო.

დაზარალებულთა ოჯახების ადვოკატმა, პოლ კესელმა, განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოები არ უნდა იდგნენ ჩუმად, როდესაც ასეთი უსამართლობა ხორციელდება“, — აღნიშნა მან.

თუმცა, მოსამართლე ო’კონორმა დაწერა, რომ ხელისუფლებას „ცუდი რწმენით არ უმოქმედია, დასაბუთებული მიზეზები აქვს საქმის შეწყვეტისთვის და შეასრულა თავისი ვალდებულებები დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების აქტის შესაბამისად“.

Boeing-ს სისხლის სამართლის ბრალი აშშ-ის მოტყუების შეთქმულებისთვის 2021 წელს წაუყენეს, რადგან კომპანიამ, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) შეფასებას 737 Max-ის მანევრირების მახასიათებლების გაძლიერების სისტემაზე (MCAS).

2024 წელს ავიამწარმოებელი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც Alaska Airlines-ის 737 Max 9-ს ფრენისას კორპუსის ნაწილი მოსძვრა. ამასთან, 2024 წლის მაისში იუსტიციის დეპარტამენტმა Boeing-ი 2021 წლის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამისი კომპლაინსის ზომების მიღება.