✈️✈️✈️ აშშ-ში წარმატებული ქართველი ინჟინერი ილია არტემიძე: „ახლა ვმუშაობთ “როლს-როისის” საკმაოდ ამბიციურ პროექტზე. ასევე, „ბოინგ-747“ მფრინავ ლაბორატორიად უნდა გადავაკეთოთ“ ✈️✈️✈️
სულ ცოტა ხნის წინ კომპანიებმა magniX-მა და AeroTEC-მა ინოვაციური პროექტი განახორციელეს, მათ გამოსცადეს პირველი ელექტროძრავაზე მომუშავე თვითმფრინავი – მათი მიზანი სამომავლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ბიუჯეტური თვითმფრინავების შექმნაა.
✈️✈️✈️ პირველი გამოცდა Cessna 208B მოდელის თვითმფრინავმა წარმატებით გაიარა. ეს ამბავი ორმაგად სასიხარულოა, რადგან ინჟინრების შემადგენლობაში, რომლებმაც Cessna 208B-ს ელექტროძრავი მოარგეს, ქართველი ავიაინჟინერი ილია არტემიძეა, რომელიც აშშ-ში მდებარე კომპანია “აეროტექში” უკვე რამდენიმე წელია წარმატებით არის დასაქმებული და უამრავ ინოვაციურ, საინტერესო პროექტს ახორციელებს! ჩვენ ილია არტემიძეს გავესაუბრეთ:

✅ საქართველოში რა განათლება მიიღეთ და როდის გადაწყვიტეთ აშშ-ში წასვლა?
👉👉👉 საქართველოში 2004 წელს დავამთავრე მაშინდელი „საავიაციო ინსტიტუტი“, 2002 წლიდან ვმუშაობდი საავიაციო ქარხანაში ჯერ კონსტრუქტორად, შემდეგ მთავარ სპეციალისტად. 2009 წელს გადმოვედი აშშ-ში. ვმუშაობდი ბერტ რუტანის მიერ დაპროექტებულ თვითმფრინავის მოდიფიკაციაზე (Adam Aircraft). 2015 წლიდან ვარ კომპანია აეროტეკში.

✅ გვიამბეთ ამ ელექტროძრავის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზეც – თუ აქვს.
👉👉👉 ელექტროძრავა შეიმუშავა ავსტრალიურმა კომპანია MagniX-მა. ჩვენ კი ის თვითმფრინავზე გამოვცადეთ. ამ ძრავის ინტეგრირება თვითმფრინავის კონსტრუქციაში და ელექტროსისტემის დიზაინი შევასრულეთ მე და ჩემმა გუნდმა. ჩვენმა კომპანიამ „აეროტექმა“ კი მოახდინა მისი გამოცდა.
გახლავართ საკონსტრუქტორო ბიუროს ჯგუფის უფროსი. მყავს 25 კაციანი ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვახორციელებ სხვადასხვა პროექტებს, დაწყებული მცირე მოდიფიკაციებით და დამთავრებლი სრულიად ახალი თვითმფრინავის კონსტრუქციის პროექტირებით და აეროდინამიკური გამოთვლებით. თავად კომპანია დაახლოებით 150-კაცანია.
ამ ელექტრო ძრავის უპირატესობაა სიმძლავრე და შედარებით მცირე წონა. ჩვენ ჩავანაცვლეთ დაახლოებით იგივე სიმძლავრის PT-6 ძრავით და წონაში თითქმის 20% მოვიგეთ. ერთადერთი ნაკლი არის ელექტრო კვების წყარო და მისი ტევადობა. ჯერჯერობით, აკუმულატორების ენერგო სიმკვრივე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამიტომ ფრენის ხანგრძლივობა შეზღუდულია. თუმცა იმედი არის, რომ ეს ტექნოლოგია მალე გაუმჯობესდება.

✅ მოგვიყევით კომპანიაზე, რომელშიც ახლა აშშ-ში ხართ დასაქმებული.
👉👉👉 ჩვენი კომპანია “აეროტექი” 16 წლისაა. თავიდან მხოლოდ საფრენოსნო გამოცდებს ახორციელებდა. 2015 წელს ხელშეკრულება დადო მიცუბიშის ფირმასთან ახალი ავიალაინერის სერტიფიცირებსა და საინჟინრო მხარდაჭერის უზრუნველყოფით. 12-კაციანი კომპანია 1 წელიწადში 450 ინჟინერს ითვლიდა. მე რომ შევუერთდი, ჯერ მხოლოდ 30 ადამიანი მუშაობდა. ჩემი ჯგუფი მალევე ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე მხოლოდ 4-5 ინჟინერი ვიყავით. თუმცა, ჩვენს მიერ დაპროექტებული საფრენოსნო გამოცდებისთვის საჭირო აღჭურვილობა დღემდე გამოიყენება იაპონურ თვითმფრინავებზე და რამდენიმე მათგანი მალე დაიდებს ბინას ერთ-ერთ მუზეუმში.
სამწუხაროდ, სულ ახლახან, “მიცუბიშიმ” შეაჩერა ეს პროექტი. სამაგიეროდ, ახლა ვმუშაობთ “როლს-როისის” საკმაოდ ამბიციურ პროექტზე. „ბოინგ-747“ მფრინავ ლაბორატორიად უნდა გადავაკეთოთ, უახლესი ძრავების გამოსაცდელად. საცდელი ძრავა დამაგრდება ფიუზელაჟის ცხვირა ნაწილზე არსებულ პატარა დამატებით ფრთაზე. ეს ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება რაც ჩვენ განგვიხორციელებია.
ასევე, ვმუშაობთ სრულიად ახალ ელექტრო-თვითმფრინავზე.

✅ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
👉👉👉 საქართველოში ჩამოსვლა, ჯერჯერობით, არ მაქვს დაგეგმილი. თუმცა, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ავიაცია საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია დღეს. რამდენიმე წელი დასჭირდება ამ კრიზისის აღმოფხვრას. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ.

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 

✈️✈️✈️ აშშ-ში წარმატებული ქართველი ინჟინერი ილია არტემიძე: „ახლა ვმუშაობთ "როლს-როისის" საკმაოდ ამბიციურ პროექტზე….

Posted by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University on ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2020