Boeing 737 MAX-ის შეზღუდვამ ავიაკომპანიებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მათ აღნიშნული მოდელებით დაგეგმილი ავიარეისების სხვა ტიპის თვითმფრინავებით ჩანაცვლება მოუხდათ. ამ ფონზე კი რიგ ავიაკომპანიებს დამატებითი საჰაერო ხომალდების ქირაობა მოუწია.
მაგალითისთვის, LOT Polish Airlines-ი იძულებული გახდა, რომ დაგეგმილი ავიარეისების შესრულებისთვის და Boeing 737 MAX 8-ების ჩანაცვლებისთვის, 4 თვითმფრინავი დაექირავებინა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მათ ავიაპარკს დაამატეს ორი ერთეული Boeing 737-800NG, რომელიც კომპანია Go2Sky-ს კუთვნილებაა და კიდევ ერთი Boeing 737-400, რომელიც GetJet-ის საკუთრებაშია. LOT Polish Airlines-ი ავიარეისების განხორციელებისთვის გამოიყენებს ასევე Enter Air-ის კუთვნილ Boeing 737-800NG-საც.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავების ცვლილება მგზავრებზე არ ასახულა და მათი რეისები არ შეყოვნებულა და არ გადადებულა. ასევე ამ ფაქტს ასახვა არ ჰქონია ავიაბილეთის ღირებულებაზე.
ცნობისათვის LOT Polish Airlines-ის ავიაპარკში სულ 5 ერთეული Boeing 737 MAX 8 ირიცხება. ავიაკომპანიასა და Boeing-ს შორის გაფორმებული კონტაქტის მიხედვით, LOT Polish Airlines-ის ავიაპარკში 2019 წლის ბოლომდე Boeing 737 MAX-ების რაოდენობა 14-მდე უნდა გაიზარდოს.