ბოდრუმის ნახევარკუნძულს ლეგენდარულმა პოეტმა ჰომეროსმა “მარადიული ცისფერი სამოთხე” უწოდა. დღეს იგი თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად მიიჩნევა.
საზღვაო დასვენება ბოდრუმში
ბოდრუმი გამოირჩევა ულამაზესი სანაპიროებითა და ყურეებით, აქ განსაკუთრებულია საზღვაო დასვენება, რომელიც ამავდროულად, მრავალფეროვან საინტერესო აქტივობებს მოიცავს. ასევე მდიდარია მრავალი ისტორიული ძეგლითა და ღირსშესანიშნაობით, რაც ყოველ ჯერზე ტურისტების უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს. აქ ზღვის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად მთავრდება.
ბოდრუმის კულინარია
მოგეხსენებათ, ბოდრუმი Michelin-ის სიაში დიდი ხანია ადგილს იკავებს, რაც მისი კულინარიის, ამასთან, მომსახურების განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ბოდრუმში, სუფრაზე პირველ რიგში, დაგხვდებათ ზღვის პროდუქტები, რომლებიც საოცარი გემოთი გამოირჩევიან. აღსანიშნავია ადგილობრივი ზეითუნის ზეთი, რომლის მომზადებასაც საუკუნეების ტრადიცია ახლავს თან. განსაკუთრებულად უნდა გავუსვათ ხაზი ბოდრუმის ღვინოებს, რომლებიც ყველა ტიპის სუფრას ამშვენებს. კურორტზე, ვახშმის შემდეგ კი შეგიძლიათ ეწვიოთ კაფე-ბარებს, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებს. ერთი სიტყვით საოცარი ღამის ცხოვრება გელოდებათ.
ბოდრუმის ღირსშესანიშნაობები
სასურველია ესტუმროთ ბოდრუმის ნავსადგურსა და ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი. ცნობისათვის, ნავსადგურიდან ტურისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ერთდღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერონ (დაახლოებით 2 საათის გზა) საბერძნეთის კუნძული კოსი.
მოგეხსენებათ, ბოდრუმში იყო აღმართული ლეგენდარული ჰალიკარნასის მავზოლეუმი – დღეს მისგან საძირკველი, კოლონების ნიმუშები და ქანდაკებებიღაა შემორჩენილი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საგამოფენო სივრცეც.
თქვენი ექსკურსიის სიაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოდრუმის ამფითეატრი, რომელიც ქალაქის ჩვენს დრომდე ყველაზე უკეთ შემონახულ ანტიკურ ნაგებობას წარმოადგენს.