საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, – ამის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელმაც განმარტა, რომ ქვეყანა მოტივირებულია, რომ ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიღოს.
„ბიზნესის აქტიურობა სეზონიდან გამომდინარე ძალიან აქტიური და მზარდია. ტურისტული ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს, რომ სეზონს წელგამართული და მომსახურების სერვისის მიწოდება გაზარდოს, კიდევ უფრო ცდილობს რომ ეს სერვისები დახვეწოს და გააუმჯობესოს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში სერვისი მაინც ერთ-ერთი გამოწვევაა.
საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში და თავისთავად ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა მოტივირებულები ვართ, რომ ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მივიღოთ.
ჯერ ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულებული არ არის და აქტიურ ფაზაშია და მოლოდინი კიდევ უფრო დადებითი და მზარდია“, – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
რა შეეხება სამიზნე ბაზრებს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესი აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის მუშაობა მიმდინარეობს ევროპის ბაზარზე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
„ახლა აქტუალურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ევროპის ბაზრებზე, რადგანაც ევროპა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ევროპის მიმართულებით სამუშაო პროცესის გაორმაგება გვჭირდება, რაც მოიცავს როგორც მარკეტინგულ კამპანიებს, ასევე ცნობადობის ნაწილში სხვადასხვა ტიპის კამპანიების ჩატარებას იმისთვის, რომ ქვეყანა პოზიციონირდეს როგორც უსაფრთხო, მოგზაურობისთვის საინტერესო და ევროპასთან ახლოს მდებარე ქვეყანა. ჩვენ, ბიზნესის მხრიდან ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ევროპა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე, მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესპარტნიორი იმისთვის, რომ ქვეყანაში სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამბობს კვაჭანტირაძე.
ნატა კვაჭანტირაძის განმარტებითვე, პირდაპირი ავიარეისები და გაზრდილი სიხშირეები დიდწილად განაპირობებენ ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.
„სტატისტიკაში უფრო ჭარბობენ სტუმრები აზიის ქვეყნებიდან, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია პირდაპირი ავიარეისების გახშირებით. მაგალითად, ინდოეთთან მიმართებაში და ეს გასაკვირიც არ არის. სადაც ხელმისაწვდომი და გამარტივებული ბაზარი ჩნდება ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ის ქვეყანა აძლიერებს ტურისტულ საქმიანობას. საქართველო როგორც დანიშნულების ქვეყანა საინტერესოა ინდოეთისთვის და ამ კუთხით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა“, – ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ის წარმატება, რასაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია იყო მნიშვნელოვანი კამპანია საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად.
„წლევანდელი საფეხბურთო სეზონი არის საქართველოსთვის იყო პირდაპირი წესით ქვეყნის ცნობადობაზე მორგებული და შესრულებული კამპანია, ოღონდ სპორტულ ჭრილში. ჩემპიონატი და იქ ჩასული გულშემატკივარი ცხადია გერმანიის ტურიზმზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა საქართველო, რომელიც პირველად იყოს წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ ყურადღების ცენტრში მოექცა და საძიებო სისტემებში საქართველო პრიორიტეტებში გაჩნდა. რაც არის მიზნობრივი კამპანია, რომელიც თვითნებურად მოხდა. სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებები არის იმის საწინდარი თუ რატომაც არის ბიზნეს ტურიზმი პოპულარული. როდესაც ქვეყანაში იმართება დიდი საერთაშორისო ღონისძიებები ის უკვე სხვა ტიპის ცნობადობას ზრდის ქვეყნის მიმართ. სწორედ ბიზნესი ჭრილში, საერთაშორისო თუ სპორტული ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გასაზრდელად“, – აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.
იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.
აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.