ბეშუმში მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ramada-ს მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი კურორტზე არსებული ზამთრის კლიმატური პირობებია, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლომდე გრძელდება.

„ელიტ სქიი რესორტმა“ აჭარის მთავრობას უკვე მიმართა იმ ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებული ვადის გადავადებისთვის. შესაბამისად, აჭარის მღალმთიან კურორტზე მაღალი კლასის, 60-ნომრიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა 2019 წლის 1 დეკემბრის ნაცვლად 2020 წლის 1 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ცნობილია, კომპანია „ელიტ სქიი რესორტს“ ბეშუმში მიწის ნაკვეთი 56 344 ლარად სასტუმროს მშენებლობის ვალდებულებით 2016 წელს გადაეცა.

60 ნომრიანი სასტუმროში მოწყობილი იქნება კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გასართობი ცენტრი, სასტუმრო აღჭურვილი იქნება ლიფტ(ებ)ითა და პანდუს(ებ)ით. ინვესტორის ვალდებულებაა ასევე შენობის გარეთ საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სწრაფი კვების ობიექტისა და გასართობი ინფრასტრუქტურის განთავსება. სასტუმროს მშენებლობაში ინვესტორმა მინიმუმ 4 მლნ ლარი უნდა დააბანდოს. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ამოქმედებიდან ერთ თვეში კი მინიმუმ 15 მოქალაქე უნდა დაასაქმოს, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ნაკისრის ვალდებულებებით, ინვესტორს ასევე ევალება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შერჩეულ მიწის ნაკვეთზე, მინიმუმ 40 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.