ბერლინის ტეგელის საერთაშორისო აეროპორტმა (TXL) ფუნქციონირება შეწყვიტა. აეროპორტიდან ბოლო რეისი ბერლინი-პარიზის მიმართულებაზე ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Air France იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც ტეგელის აეროპორტში რეისი განახორციელა. ეს კი 1960 წლის 2 იანვარს მოხდა. 

31 ოქტომბერს ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული გეგმის მიხედვით, 8 ნოემბერს დაიხურა ბერლინის ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL), ხოლო ბერლინის შენეფელდის აეროპორტი ბერლინ-ბრანდენბურგის მე-5 ტერმინალი გახდა.

ახალი აეროპორტი გერმანიის დედაქალაქის შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტის მხარეს აშენდა და ორივე აეროპორტს ერთი ასაფრენი ზოლი აქვს. რეალურად ახალი აეროპორტი არის მეგა პროექტი, რომელიც წარმოადგენს შენეფელდის მოდერნიზებულ და გაფართოებულ ვარიანტს.

თავდაპირველი გეგმით, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი 2011 წელს უნდა გახსნილიყო და იმავდროულად უნდა მომხდარიყო ტეგელისა (TXL) და შენეფელდის (SXF) აეროპორტების დახურვა. თუმცა ახალი აეროპორტის ტერმინალში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მხრივ პრობლემები შეიქმნა და აეროპორტის გახსნა გადავადდა. 

აეროპორტის გახსნის გაჭიანურების მიზეზი გახდა ისიც, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გამტარუნარიანობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ბერლინის სხვა აეროპორტები მგზავრებს ემსახურებოდნენ. 

2015 წელს ბუნდესტაგის დეპუტატმა იენეს კეპენმა, ანგელა მერკელის პარტიიდან, წამოაყენა წინადადება, რომ აეროპორტის მშენებლობა თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ.

აქამდე ბერლინს ორი კომერციული აეროპორტი ემსახურებოდა: ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF).