გერმანიის სამმა უმსხვილესმა ქალაქმა – ბერლინმა, ჰამბურგმა და მიუნხენმა – ხელი მოაწერეს მემორანდუმს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტომატიზაციის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.
ქალაქები გეგმავენ, რომ 2035 წლისთვის მათ ტერიტორიაზე ასობით უმძღოლო ავტობუსი და მიკროავტობუსი დაინერგოს, ასევე ამოქმედდეს ერთიანი ციფრული სატრანსპორტო სერვისი.
პროექტის მთავარი მიზანია, ქალაქებში გადაადგილება უფრო მოსახერხებელი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს.
მგზავრებს საშუალება ექნებათ, ერთი აპლიკაციით დაგეგმონ:
მგზავრობა მეტროთი ან ტრამვაით.
ქარშეირინგის ან ველოსიპედის/სკუტერის დაქირავება.
მომავალში – უმძღოლო ტრანსპორტის გამოძახება.
ეს მიდგომა განსაკუთრებით გაუადვილებს მოგზაურობას ტურისტებს, რომლებსაც აღარ მოუწევთ სხვადასხვა სისტემასა და ბილეთებში გარკვევა.
გერმანიის დედაქალაქში უკვე მიმდინარეობს პატარა უმძღოლო მიკროავტობუსების (10-მდე მგზავრი) ტესტირება. ისინი ამჟამად გამოძახებით მუშაობენ და ხელს უწყობენ რაიონების ძირითად სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირებას.
გარდა ამისა, ბერლინი მეტროს მოდერნიზაციას ამზადებს:
ორ ხაზზე მატარებლები ახალი სისტემებით იქნება მართული, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს ინტერვალები და მგზავრობა უფრო უსაფრთხო და საიმედო გახდეს.
ჰამბურგში მსგავსი ტექნოლოგიები უკვე ინტეგრირებულია, ხოლო ქალაქის ახალი U5 ხაზი თავიდანვე სრულად იქნება ადაპტირებული უმძღოლო მოძრაობისთვის.












