ავიაკომპანია Belavia (Belarusian Airlines) საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. აღნიშნულ საკითხზე ბელარუსში საქართველოს საელჩო ბელარუსის საავიაციო ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.
შედეგად, 2 ოქტომბრიდან, ბელარუსულმა ავიაკომპანიამ Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენების სიხშირე გაზარდა. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის არსებულ ყოველდღიურ რეისებს 2 სიხშირე დაემატა. ავიაკომპანია დამატებით რეისებს ყოველ ოთხშაბათსა და კვირას (დღის საათებში) შეასრულებს.
“მინსკი-თბილისი-მინსკის ახალი ავიარეისები მგზავრებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მიმოსვლას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოში ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდასაც შეუწყობს ხელს”, აცხადებენ საელჩოში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 თვის მონაცემებით, ბელარუსიდან საქართველოს 46,024 სტუმარი ეწვია. ბელარუსიდან ტურისტთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.