უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებას ითხვს.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუმარტეს, უწყებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისა და რეგულარული ფრენების ნებართვის მიღების მიზნით Bees Airline-მა მიმართა.

“შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა. ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

როგორც ცნობილია Bees Airline-ს საქართველოს მიმართულებაზე დიდი გეგმები აქვს და ავიაკომპანიამ კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო. რეგულარული რეისების დაწყებამდე ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით ერთი ჩარტერული ფრენა უკვე შეასრულა. 

Bees Airline საწყის ეტაპზე კიევსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს, ხოლო ივნისიდან კი სიხშირეების რაოდენობას 3-მდე გაზრდას გეგმავს.

რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს უკვე 9 ივნისის თარიღიდან ყიდის. 

აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის 3 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.

Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.

რაც შეეხება მესამე ხომალდს – Boeing 737-800, ის ჯერჯერობით უკრაინის საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. ხომალდი, რომელიც Bees Airline-ს ფერებში უკვე დაიბრენდა ამ დროისათვის ლონდონის ერთ-ერთ აეროპორტში დგას. ხომალდი 2009 წელსაა გამოშვებული და 2009 წლიდან 2019 წლამდე, ანუ სალიზინგო კონტრაქტის გასვლამდე უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA-ს მფლობელობაში იყო. 

Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.