ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს. როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა ევგენი ხაინადსკიმ განაცხადა, ავიაკომპანიამ შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო საავიაციო სამსახურში უკვე შეიტანა. ცნობილია, რომ ბილეთის ღირებულება 1000-1500 გრივნადან იქნება. Bees Airline-ი კიევიდან რეგულარული ფრენების განხორციელებას განიხილავს როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი
Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.
Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.