უკრაინულმა “ლოუქოსტერმა” Bees Airline-მ საკუთარ ავიაპარკს კიდევ ერთი ხომალდი შემატა. 189 სავარძელზე გათვლილი Boeing 737-800, საბორტო ნომრით UR-UBD, Bees Airline-ს ავიაპარკში რიგით მეოთხე თვითმფრინავია. Bees Airline-ს ყველა თვითმფრინავის წინა ექსპუატანტი ასევე უკრაინული ავიაკომპანია flyUIA-იყო
Bees Airline-მ 2009 წელს გამოშვებული Boeing 737-800 Bank of Utah-გან მიიღო.
Bees Airline-ს გეგმით ავიაკომპანიას 2021 წელი 4 საჰაერო ხომალდით უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიის მენეჯმეტნი შემოდგომით კიდევ ერთი Boeing 737-800-ის მიღებას ვარაუდობს.
“როდესაც ქვეყნები იხსნება უკრაინის მოქალაქეებისთვის, ჩვენ ვხედავთ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ტენდენციას. თუ შემოდგომაზე გახსნილ ქვეყნებს უკვე ევროკავშირის ქვეყნები დაემატა, მაშინ თვითმფრინავების რაოდენობა გაიზრდება”, – განაცხადა Bees Airline-ს გენერალურმა დირექტორმა ევგენი ხაინაცკიმ.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის “ლოუქოსტერი” თვითმფრინავის მიღებაზე რამდენიმე სალიზინგო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
“ბაზარზე თავისუფალი საჰაერო ხომალდები არის. თუ კი ჩვენთვის სასურველ ვარიანტს შევარჩევთ, შესაძლოა დამატებითი ბორტი ავიღოთ. COVID-19-თან მიმართებაში სიტუაცია რამდენიმე კვირაში შეიცვლება და ჩვენც მივხვდებით გვჭირდება თუ არა დამატებითი თვითმფრინავი, თუ ჩვენს გეგმებს მივყვებით და შევსება მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში მოხდება’, – განაცხადა Bees Airline-ს ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართულებით Bees Airline-მ პირველი ფრენა 2021 წლის 30 აპრილს განახორციელა. ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
ავიაკომპანიამ 9 ივნისიდან კი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე ოპერირება დაიწყო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიენიჭა.
Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში ასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებულია ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტია (კოდი: IEV).
გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.