უკრაინის ახალმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მ სახელმწიფო საავიაციო უწყებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატი მიიღო. Bees Airline-ს გენერალური დირექტორის ევგენი ხაინადსკის განმარტებით, ავიაკომპანიას მოსაპოვებელი დარჩა გადაყვანა-გადაზიდბების ლიცენზია. ავიაკომპანიის მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ აღნიშნულ სერტიფიკატებსაც მომავალ კვირაში მიიღებს.
როგორც ცნობილია, Bees Airline-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს მიმართულებით გეგმავს ოპერირებას. როგორც AviaNews-ს Bees Airline-ს გენერალურმა დირექტორმა ევგენი ხაინადსკიმ განუცხადა, ავიაკომპანია კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით აპრილის ბოლოდან დაიწყებს რეგულარულ რეისებს და მალევე კიევი-ბათუმი-კიევის რეისებსაც დაამატებს.
”ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას გეგმავს. პირველი რეისები იქნება კიევიდან თბილისის მიმართულებით, აპრილის მეორე ნახევრიდან.
ზაფხულში ჩვენს გეგმებშია რეგულარული რეისები კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე განვიხილავთ ფრენებს ოდესიდან.
სავარაუდოდ, სხვა ქალაქებსაც მოვიზარებთ, თუმცა მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რეგულაციები იარსებებს საზღვრის კვეთისას.
ყოველი დამატებითი PCR ტესტი, ან საკარანტინო შეზღუდვა მგზავრთნაკადს ამცირებს. ადამიანებისთვის რაც უფრო მარტივია ფრენა, მით უფრო დიდია მოთხოვნა.
ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ფრენა კიევის სიკორსკის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. აღნიშნული აეროპორტი მდებარეობს ქალაქში და ცენტრში მოხვედრა 15 წუთშია შესაძლებელი. ბილეთების გაყიდვისას ჩვენ გამოვიყენებთ “ლოუქოსტ” მოდელს, ამიტომაც ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.
ჩვენი საჰაერო ხომალდების ასაკი 10 წელია, Boeing 737-800 189 ადგილზეა გათვლილი.
მხოლოდ დიდი ტევადობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სავარძლის ღირებულების შემცირება და “ლოუქოსტერ” მოდელის გამოყენება, რასაც ვანხორციელებთ”, – აცხადებს ევგენი ხაინადსკი.
აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი
Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.
Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.