“მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ავიაბაზარს ახალი მიმართულებები ემატება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს გაზრდის შესახებ. კერძოდ, 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა – თბილისი – ოდესის საჰაერო ხაზზე დაიწყებს
.
“უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, Bees Airline-ი რეგულარულ რეისებს თბილისსა და ოდესას შორის, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს განახორციელებს. სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

Bees Airline – ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის აპრილში შემოვიდა და დღეისათვის ფრენებს კიევიდან და ხერსონიდან ახორციელებს.