ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის გაფართოება და ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტებმა გაფართოების კონცეპტუალური ხედვა წარმოადგინეს, რომელიც მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე ინფრასტრუქტურის განახლებასა და სააეროპორტო გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ავიაკომპანიების ეფექტიანი ოპერირება, ისე მგზავრთა კომფორტი.
„გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბათუმის აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან. ექსპერტებმა წარმოადგინეს აეროპორტის გაფართოების კონცეპტუალური ხედვა. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იმატებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა, სანავიგაციო ინფრასტრუქტურა ამას დროულად და მზად შეხვდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავიაკომპანიებისთვის კომფორტი და ჩვენი მგზავრებისთვის აეროპორტების ხელმისაწვდომობა და კომფორტული მგზავრობა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად იგეგმება როგორც ტერმინალის გაფართოება, ასევე ახალი ტერმინალის მშენებლობა ბათუმის აეროპორტში, ასევე სააეროპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოება და გაუმჯობესება“, – აღნიშნა ლევან კარანაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს – შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.












