გაუქმდება თუ არა საერთაშორისო აეროპორტი ბათუმში? საკითხზე მთავრობაში მსჯელობა დაწყებულია. ინიციატივას ადასტურებს “ქართული ოცნების” წევრი უმაღლეს საბჭოში, განხილვების შესახებ ინფორმაციას კი თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ტურისტულ ქალაქში არსებული აეროპორტის ალტერნატივად განიხილება აეროპორტის გახსნა გურიის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ან ქობულეთში.

„ეს იყო ინიციატივის დონეზე წინადადება. ვთვლი, რომ აეროპორტის მხარეს ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალია და სწორედ აეროპორტის არსებობის გამო ვერ ხდება მისი ათვისება. აეროპორტის გადატანის შემთხვევაში კი ექნება განვითარების პერსპექტივა. ამავდროულად განვითარდება ქობულეთიც და ბათუმიც“, განუცხადა აჭარის ტელევიზიას უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აეროპორტის გადატანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ მიიღებს.

„კონცეპტუალურად საკითხი დაყენებულია და რა ტქმა უნდა ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

რაც შეეხება ბათუმის სანაპიროს, ანუ იმ ადგილს სადაც აეროპორტი მოწყობილი – ტერიტორიის საინვესტიციოდ მომზადება იგეგმება.