ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. შედეგად აეროპორტი წლის განმავლობაში 1 200 000 მგზავრს მომსახურებას შეძლებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, TAV Georgia სამშენებლო ნებართვის მიღების ბოლო ეტაპზეა.
„ამ დროისათვის სამშენებლო ნებართვის მიღების ბოლო ეტაპს გავდივართ ეკონომიკის სამინისტროს, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსთან. მარტის ბოლოს იგეგმება საექსკავაციო სამუშაოების დაწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს – 30 მეტრით, გაფრენის კი – 42 მეტრით.
გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდება ბარგის დამუშავების ზონა სადაც დაინერგება ავტომატური კონვეერული სისტემა. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4085მ2 დან 7,885 მ2, მდე გაიზრდება ხოლო შენობის სიგრძე 120 მეტრიდან 192 მეტრამდე. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის დახლები მოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი 6-დან 8-მდე გაიზრდება, ხოლო ავტობუსის გასასვლელები 4-დან 6-მდე. ასევე დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი“, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე.
თეა ზაქარაძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, TAV Georgia 14 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.