ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება ნაცვლად ოქტომბრისა 2020 წლის მარტში დაიწყება. “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს, რომ საბოლოო პროექტი დასტური ჯერ მიღებული არ აქვთ, თუმცა მანამდე ბათუმის აეროპორტის მმართველ კომპანიას  პროექტში გარკვეული დეტალების კორექტირება მოუხდა. 

“ეს არ იყო ჩვენი მიზეზით, რის გამოც პროექტი შეიცვალა. შესაბამისად მე ვერ დავასახელებ დეტალურად, თუ რის გამო მოგვიწია პროექტის შეცვლა, მაგრამ გეტყვით, რომ 2019 წლის ოქტომბერში ბათუმის აეროპორტში დაანონსებულ პროექტს ვერ ვიწყებთ”, აცხადებს თეა ზაქარაძე.

“ტავ ჯორჯიას” გათვლებით, კომპანიას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაუჯდება.

“იგეგმება მოფრენისა და გაფრენის მხარეს ტერმინალის გაფართოება. ჩვენ მზად  ვართ ფინანსურადაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ავიაემბარგოს ვენ ძალიან დაგვარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი შემოსავლების 25%-ი დავკარგეთ, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ტერმინალი ფაქტობრივად ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში 150 რეისამდე საერთოდ გაუქმდა და ტრაფიკი მოდის ქვემოთ და არა ზემოთ და ეს ჩვენს ფინანსებზეც აისახება. მიუხედავად ამისა, ვენ მაინც მზად ვართ ინვესტორებისთვის”, აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე.