აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, იზრდება ფრენების რაოდენობა განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც რეგიონს უკვე სტუმრობს ტურისტები ბელარუსიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან. ივნისიდან ვარშავა – ბათუმი – ვარშავას მიმართულებაზე რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი, კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებაზე Ukraine International Airlines-ი (FlyUIA), დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებაზე Fly Dubai, ხოლო შარჟა-ბათუმი-შარჟას მიმართულებაზე Air Arabia.

აპრილის მონაცემებს თუ ავიღებთ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს არსებული ფრენების 60% უკვე აღიდგინა და ეს პროცესი გრძელდება. არსებული მონაცემებით, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 25-მდე ავიარეისი ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან. 1-ლი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრებიც, რაც საშუალებას მისცემს მოგზაურებს საქართველოში შემოვიდნენ მეზობელი ქვეყნებიდან და მათი გავლით.