ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა დააფიქსირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 56 ათას 710 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის იანვარ-მაისში კი 48 ათს 703 მგზავრს. მგზავრთნაკადის ზრდა 16,44%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ 5 თვეში 2020 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდა ფიქსირდება, ისევ კლებაა პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 135 926 მგზავრი გაატარა. შესაბამისად 2021 წლის 5 თვეში აეროპორტი 58,28%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და ის ოფიციალურად 2021 წლის მარტში ოფიციალურად გაიხსნა.

პანდემიის პირობებშიც კი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები არ შეუჩერებია და უფრო მეტიც პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

შედეგად კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა, შედეგად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე – გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი 6-დან 8-მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.