ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის.
ბათუმის დელფინარიუმი ჩვილის დაბადების ვიდეოს ასაჯაროებს და განმარტავს, რომ პატარა რამდენიმე წუთის დაბადებულია. კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ ზრუნავს დედა ახალშობილზე. დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეშია, სადაც დელფინარიუმის მწვრთნელების და ვეტერინარის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა 5-7 კგ-ა. პატარა და დედათავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ზღვისძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება თან სდევს, თითქოს იგი პირველია.
“მორიგი მატება ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით  იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ”, აცხადებენ დელფინარიუმში.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოდ არიან გავრცელებული, პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე. ბინადრობენ ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში. იკვებებიან თევზებით და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ). დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო_ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა ვიდრე ბეწვი. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150კგ. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.
გახსნის დღიდან ანუ ბოლო 8 წლის მანძილზე ბათუმის დელფინარიუმში უკვე 7 ზღვის ლომი დაიბადა.
მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.
https://www.youtube.com/watch?v=eIzGXIrE38E