ბარსელონაში მდებარე ცნობილი ტაძარი საგრადა ფამილია(Sagrada Familia) მსოფლიოში ყველაზე მაღალ ტაძრად არის აღიარებული. შენობის ცენტრალურ კოშკზე ჯვრის პირველი ნაწილის დამონტაჟების შემდეგ, საგრადა ფამილიას სიმაღლემ 162,91 მეტრს მიაღწია.
ამ დრომდე, 1890 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტაძრის სტატუსს გერმანიაში მდებარე ულმის საკათედრო ტაძარი ინარჩუნებდა, რომლის სიმაღლე 161 მეტრია.
ანტონიო გაუდის პროექტით შექმნილი საგრადა ფამილიას მშენებლობა ერთ საუკუნეზე მეტიაგრძელდება. უახლოეს თვეებში იესო ქრისტეს ცენტრალურ კოშკზე ჯვრის დარჩენილი ელემენტებიც დამონტაჟდება, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 172 მეტრს მიაღწევს. ძირითადი შენობის მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.
ტაძრის საძირკვლის პირველი ქვა 1882 წელს ჩაიყარა, ერთი წლის შემდეგ კი მშენებლობის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა არქიტექტორს, ანტონიო გაუდის დაევალა. გაუდიმ მთლიანად შეცვალა საწყისი პროექტი და მოკრძალებული საეკლესიო შენობის ნაცვლად, გრანდიოზული ტაძრის აგება დაისახა მიზნად.
გაუდის გარდაცვალების მომენტისთვის, 1926 წელს, მისი ჩანაფიქრით გათვალისწინებული 18 კოშკიდან მხოლოდ ერთი იყო აშენებული.
მშენებლობა გაგრძელდა საგრადა ფამილიას ფონდის ხელმძღვანელობით, რომელიც ფინანსდება ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებითა და კერძო შემოწირულობებით.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ მარტინესმა, შარშან სექტემბერში განაცხადა, რომ იესო ქრისტეს ცენტრალური კოშკი 2026 წლისთვის დასრულდება — ეს თარიღი გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ემთხვევა. არქიტექტორის ხსოვნის აღსანიშნავად, რომელიც საგრადა ფამილიას საძვალეშია დაკრძალული, სპეციალური ღონისძიებები იგეგმება.












