ინდონეზიის ხელისუფლებამ უცხოელი ტურისტებისათვის ტურისტული გადასახადი დააწესა. გადასახადის 150,000 ინდონეზიური რუპიას (დაახლოებით $10) გადახდა მოუწევთ იმ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ბალის სტუმრობენ. მსგავსი რეგულაცია ვრცელდება ასევე იმ უცხოელ ტურისტებზე, რომლებიც პატარა კუნძულებზე ნუსა პენიდაზე, ნუსა ლემბონგანსა და ნუსა ცენინგანში იმოგზაურებენ.
გამონაკლისი კეთდება რამდენიმე სავიზო კატეგორიისთვის. მათ შორისაა დიპლომატიური, ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებისთვის, ეკიპაჟის წევრებისთვის, დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, ტურისტული გადასახადის გადახდა არ მოუწევთ ბალიში ოჯახის გაერთიანების, ოქროს, სტუდენტური და საქმიანი ვიზების მქონე პირებს. ბალიში გამგზავრებამდე, ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანებმა წინასწარ უნდა წარადგინონ ონლაინ განაცხადი გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.
საფასურის გადახდისგან ასევე თავისუფლდებიან ინდონეზიის მოქალაქეები და ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, რომელიც ინდონეზიის გარდა მოიცავს ბრუნეის, ვიეტნამს, კამბოჯას, ლაოსს, მალაიზიას, მიანმარს, სინგაპურს, ტაილანდის და ფილიპინებს.
ბალიში ჩასული ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, ხელისუფლება ყოველდღიურად დაახლოებით 180 ათას დოლარს მიიღებს. 2023 წელს ბალის დაახლოებით 11 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რამაც საწყის მიზანს 2,5 მილიონით გადააჭარბა. 2024 წელს ხელისუფლება ტურისტული ნაკადის ზრდას 14 მილიონ ტურისტამდე პროგნოზირებს.