ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის შემოღებულ იქნა გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ხსენებულ თემაზე შეთანხმება.
აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზეც. ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში.