კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრე და ტურისტული ბილიკი განათდა. ციხესიმაგრეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული განათების სისტემა მოეწყო, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდა.
მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და „თბილსერვისი ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ დაათვალიერეს.
„ კოჯორს აქვს საუკეთესო პოტენციალი გახდეს მიმზიდველი კურორტი, სადაც განვითარდება სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა აზეულას ციხე, სადაც დღეს ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელი მოეწყო. ამ ადგილის პოპულარიზაციის, ტურისტული მარშრუტების განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს სალაშქრო ბილიკების განვითარებას და მომავალი ტურისტული სეზონისთვის კოჯრიდან რამდენიმე მიმართულებით მოვაწყობთ საფეხმავლო/სალაშქრო ბილიკების ქსელს. ეს იქნება: კოჯორი- კიკეთი; კოჯორი- ასურეთი; კოჯორი-ღოუბანი.“-განაცხადაც გიორგი ჩოგოვაძემ.
სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს. პროექტში ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა.