საქართველოს და სხვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს დღეიდან აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო ტრანსპორტით შეეძლებათ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ცვლილებები შეიტანა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების“ შესახებ დადგენილებაში.

სიაში 17 ქვეყანაა: ალბანეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, კოლუმბია, მოლდოვა, უზბეკეთი, პაკისტანი, პერუ, ტაჯიკეთი, ტაილანდი, ტუნისი, თურქმენი და ვენესუელა.

აზერბაიჯანში სტუმრობა შეუძლიათ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, ამ ქვეყნებში ბინადრობის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

მანამდე აზერბაიჯანმა საჰაერო ტრანსპორტისთვის გზა გაუხსნა ბელარუსს, რუმინეთს, იორდანიას, კვიპროსსა და უკრაინას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანმა საზღვრები 2020 წლის აპრილში ჩაკეტა. შეზღუდვა არ ვრცელდებოდა სატვირთო გადაზიდვებზე.

წყარო: რადიო თავისუფლება