აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) პრიორიტეტები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ოპერაციული მდგრადობის ამაღლება, ადგილობრივი პილოტების პროფესიული განვითარება და ფლოტის ეტაპობრივი მოდერნიზაციაა. როგორც ავიაკომპანიის საფრენოსნო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელმა, ფარიდ ფანახოვმა განაცხადა, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, AZAL-ი 2032 წლისთვის ავიაპარკის 50 და მეტ ხომალდამდე გაზრდას გეგმავს. მიმდინარე წელს ფლოტს 8 ახალი თვითმფრინავი დაემატება, მომდევნო წლებში კი ზრდის დინამიკა კიდევ უფრო დაჩქარდება.

ავიაპარკის თანმიმდევრული გაფართოება საფრენოსნო შემადგენლობის სისტემური მომზადების აუცილებლობას განაპირობებს. ამ მიზნით, ავიაკომპანია ადგილობრივი პილოტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს ახორციელებს. გაბალას საერთაშორისო აეროპორტში მოქმედ საფრენოსნო მომზადების ცენტრში, რომელიც 2024 წელს დაარსდა, ამჟამად აზერბაიჯანის ეროვნული ავიაციის აკადემიის 25 კურსდამთავრებული გადის სწავლებას.

კომპანიის დინამიური განვითარების გათვალისწინებით, კურსდამთავრებულთა ნაწილი უცხოურ სასწავლო ცენტრებშიც იგზავნება. ამ დროისთვის თურქეთში საერთაშორისო პროგრამით 65 პილოტი სწავლობს, რომლებიც სამშობლოში 2026 წლის ბოლომდე დაბრუნდებიან და პროფესიულ საქმიანობას შეუდგებიან. გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში კიდევ 35 კურსდამთავრებული გაიგზავნება ესპანეთში სპეციალიზებული მომზადების გასავლელად. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ Type Rating-ის სერტიფიკატს, რაც კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის მართვის უფლებას აძლევთ. აღსანიშნავია, რომ მომზადებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ავიაკომპანია სრულად ფარავს.

ფარიდ ფანახოვის განმარტებით, AZAL-ი პილოტების მომზადებაში ინვესტიციების მოცულობით ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა. ამჟამად პერსონალის 15%-ს უცხოელი პილოტები შეადგენენ, რომლებიც ადგილობრივ კადრებთან ერთად მუშაობენ და მათ გამოცდილებას უზიარებენ. თითოეული საჰაერო ხომალდის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის 10-დან 12-მდე პილოტია საჭირო, რის გამოც ავიაკომპანია გეგმავს, რომ 2032 წლისთვის საფრენოსნო შემადგენლობა, რომელიც ამჟამად 280 ადამიანს ითვლის, სულ მცირე ორჯერ გაზარდოს.