ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზები“ (AZAL) მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გეგმავს დაასრულოს მუშაობა სტრატეგიულ საგზაო რუკაზე, რომელიც 2027-2032 წლების განვითარების პერიოდს მოიცავს. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, დოკუმენტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე უცხოურ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობით მზადდება. პროექტი განსაზღვრავს ავიაკომპანიის განვითარების ტრაექტორიას, მარშრუტების ქსელისა და ავიაპარკის განახლების სტრატეგიას, ასევე ფინანსური მდგრადობისა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდის ღონისძიებებს.
სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის AZAL-ი ავიაპარკის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, რის შედეგადაც ხომალდების რაოდენობა 50-ს გადააჭარბებს. პარალელურად, იგეგმება ფრენების გეოგრაფიის გაზრდა და ახალი მიმართულებების ათვისება, რაც საერთო მარშრუტების რაოდენობას 80-მდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ავიაკომპანიის განკარგულებაში 27 თვითმფრინავია.
სამომავლოდ ავიაკომპანია ფლოტის უნიფიცირებას ისახავს მიზნად. გეგმის თანახმად, AZAL-ი მხოლოდ ორი ტიპის საჰაერო ხომალდს გამოიყენებს: ვიწროფუზელაჟიან Airbus A320 Neo-ს ოჯახის თვითმფრინავებსა და ფართოფუზელაჟიან Boeing 787 Dreamliner-ებს. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას და მგზავრთნაკადის მზარდი მოთხოვნების ეფექტურ დაკმაყოფილებას.












