აზერბაიჯანის ავიახაზებმა (AZAL) და სერბეთის ნაციონალურმა გადამყვანმა, Air Serbia-მ, კოდ-შეარინგის (Code-sharing) პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის მაისიდან ბაქოსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კვირაში ორჯერ განხორციელდება.

შეთანხმების საფუძველზე, AZAL-ი საკუთარ მარკეტინგულ კოდს განათავსებს Air Serbia-ს მიერ შესრულებულ რეისებზე, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ბილეთების დაჯავშნის გამარტივებული სისტემით, მოქნილი განრიგითა და გაფართოებული გადაჯდომის (სტამბოლის ან სხვა ჰაბების გარეშე) შესაძლებლობებით ბელგრადი–ბაქო–ბელგრადის მიმართულებაზე. პირველი ერთობლივი რეისი 2026 წლის 3 მაისს არის დაგეგმილი.

ავიაკომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორი ქვეყნის საერთაშორისო ქსელების გაფართოებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის კავშირების გაძლიერებას ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურული გაცვლის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს Air Serbia გეგმავს მარშრუტების ქსელის კიდევ უფრო გაზრდას და ბაქოსთან ერთად ისეთ მიმართულებებს დაამატებს, როგორიცაა სანტორინი, ალიკანტე, სევილია და ტრომსე.

ბილეთების შეძენა უახლოეს მომავალში AZAL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციასა და აკრედიტებულ სააგენტოებში იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ Air Serbia 2027 წელს ბელგრადში დაგეგმილი EXPO 2027-ის პლატინის პარტნიორია და ამავე წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.