ავიაციის სტრატეგიული მართვის საჭიროება კიდევ ერთხელ დადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და კრიზისის მართვის დღის წესრიგში, წერს სოციალურ ქსელში ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი. მისი განმარტებით, როდესაც საავიაციო სექტორის ქცევა თანხვედრაში არ არის სახელმწიფოს, მოქალაქეების ინტერესებთან, აპრიორში წამგებიან პოზიციაში აყენებს მოთამაშეს.
“ავიაციის სტრატეგიული მართვის საჭიროება კიდევ ერთხელ დადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და კრიზისის მართვის დღის წესრიგში.
კერძო საავიაციო სექტორის ქცევა და სტრატეგია როცა თანხვედრაში არ არის სახელმწიფო ინტერესებთან, მოქალაქეების ინტერესებთან, აპრიორში წამგებიან პოზიციაში აყენებს მოთამაშეს. ძლიერ პოზიციას კარგავს ავიაკომპანია და შესაბამისად ფულს…
საჯარო სექტორის მხრიდან ათასი შენიშვნა და მითითება არ უნდა დასჭირდეს კერძო სექტორს. ავიაბილეთის ღირებულება საიდუმლო არავისთვის არ არის ციფრულ მსოფლიოში და არც მომხმარებლის უკმაყოფილო ხმის ჩახშობას შეძლებს ვინმე სოციალურ მედიაში.
კრიზისის დასაწყისში ფრენებს ჩვენს ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტრო კურირებდა, ახლა ვხედავთ პრემიერის მყისიერ დავალებას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს უთითებს საკითხის რეგულირებას.
საჯარო განხილვის საგნად იქცა Wizz Air-ის ბაზირება და რეპატრიაციული ფრენები, რომ არაფერი ვთქვათ ლოკალური ავიაკომპანიის გაუგებარ სტრატეგიას და მგზავრების მუდმივ უკმაყოფილებას.
რატომ აჩერებს ბაზის ოპერირებას Wizz Air-ი?
იმიტომ, რომ მის ბიზნეს მოდელს ფულის გენერირება სჭირდება, გაჩერებული ხომალდი ზარალია.
რატომ ვერ ახორციელებენ ადგილობრივი ავიაკომპანიები რეპატრიაციული ფრენების ნორმალურ პროცესს?
იმიტომ, რომ არ იციან გრძელვადიანი კომერციული სტრატეგიით მუშაობა.
რატომ?
იმიტომ, რომ საავიაციო დარგი არ არის სუპერმარკეტი, სადაც ექსკლუზიურად შეგაქვს პომიდორი და ყველაზე ძვირად გაყიდი 4 სეზონზე
რატომ?
იმიტომ, რომ იმიტომ”, წერს თამუნა თანდაშვილი.