საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2025-2026 წლების ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საავიაციო ინდუსტრიამ ისტორიულ ზღვარს გადააბიჯა და მისმა წლიურმა შემოსავალმა პირველად მიაღწია 1 ტრილიონ დოლარს, თუმცა რეალური მოგება თითოეულ მგზავრზე შოკისმომგვრელად დაბალია.

IATA-ს გენერალურმა დირექტორმა, ვილი უოლშმა, ინდუსტრიის მდგომარეობა Apple-ის აქსესუარების ბიზნესს შეადარა, რათა ხაზი გაესვა დარგის დაბალი რენტაბელობისთვის.

ავიაკომპანიები საშუალოდ მხოლოდ $7.90-ს გამოიმუშავებენ თითოეულ გადაყვანილ ადამიანზე.

„Apple-ი iPhone-ის ერთი ჩასადების (Case) გაყიდვით უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ავიაკომპანია საშუალოდ ერთი მგზავრის გადაყვანით,“ — აღნიშნა უოლშმა.

ინდუსტრიის საშუალო მარჟა მხოლოდ 3.9%-ია, რაც წარმოუდგენლად მცირეა იმ რისკებისა და ხარჯების გათვალისწინებით, რასაც ფრენების უსაფრთხოება მოითხოვს.

მიუხედავად მცირე მოგებისა, ავიაცია მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია:

  • დარგი მხარს უჭერს გლობალური მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) თითქმის 4%-ს.

  • უზრუნველყოფს 87 მილიონ სამუშაო ადგილს.

  • 2026 წლისთვის მგზავრთა რაოდენობა რეკორდულ 5.2 მილიარდს მიაღწევს.

IATA-ს განმარტებით, ავიაკომპანიები იმყოფებიან „მაკრატლის“ პრინციპში: ერთის მხრივ, იზრდება ხარჯები სათადარიგო ნაწილებზე, საწვავსა და რეგულაციებზე, ხოლო მეორეს მხრივ, ძრავებისა და აპარატურის მწარმოებლები (მომწოდებლები) ბევრად მაღალი მარჟით (დაახლოებით 25%) სარგებლობენ.

ეს დისპროპორცია აჩვენებს, რამდენად მოწყვლადია ფინანსურად საავიაციო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ის აკავშირებს ქვეყნებს, ტურიზმს და მსოფლიო ვაჭრობას.