ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანია „ავიატორ +“ აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენა ყველაზე მეტად კომპანიის ინტერესებშია.
კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი მოლოდინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა.
მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს და საზოგადოებას წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს. „მოკვლევის ბიურომ დაიწყო დამოუკიდებელი კვლევა, ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. მოკვლევა დაადგენს კონკრეტულ მიზეზებს”, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.
მოლოდინაშვილი საქმის საერთაშორისო დონის მნიშვნელობაზე აცხადებს, რამდენადაც ვერტმფრენი აშშ-ში იყო გამოშვებული, ჰქონდა ფრანგული წარმოების მაღალი ტექნოლოგიების ძრავა. „საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება კვლევა”.
მოლოდინაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის შავი ყუთი. მისი თქმით, ვერტმფრენი უმაღლესი კლასის იყო ჰქონდა მაღალი კლასის ტექნოლოგიები, შავი ყუთი კი ამ კლასის ვერტმფრენისთვის განსაზღვრული არ არის.
„ვერტმფრენის ძრავა სრულად შეესაბამებოდა ექსპლუატაციის წესებს და მოთხოვნებს. მოკვლევის პროცესში უნდა დადგინდეს, ვისთან ჰქონდა მფრინავს გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კომპანიასთან და ამ პროცესთან შემხებლობა ჰქონდა. მათ შორის გამოკითხვაზე ვიყავი მეც”, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.
კომპანია აცხადებს, რომ აქვს 22 მაისის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ვერტრფრენმა ტექნიკური დათვალიერება გაიარა და შეასრულა სატესტო ფრენაც. „დათვალიერება ჩატარდა ლიცენზირებული, მაღალი დონის კომპანიის მიერ. პროცესს ზედამხედველობდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“.
კომპანიის მენეჯმენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. მოლოდინაშვილი, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მფრინავი ილიკო ბაიდაშვილის მაღალკვალიფიციურობაზეც აცხადებს. „სამხედრო მფრინავი იყო 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით და ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL), გავლილი ქონდა სწავლებები აშშ-სა და კანადაში”, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.