ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის „ავიატორ +“-ის ადვოკატი კახა წერეთელი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობა არ იკვეთება და მიმდინარეობს სურათის აღდგენა და დოკუმენტაციის მოძიება.

ვერტმფრენის მომსახურებასთან, შეძენასთან, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლები და ხელმძღვანელები მცხეთის სამხარეო პოლიციაში გამოიკითხნენ.

წერეთელი სააგენტოსთან აცხადებს, რომ ვერტმფრენი შემოწმებას პერიოდულად გადიოდა და უარყოფს გავრცელებულ ინფორმციას, იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ბოლო პერიოდში, ვერტმფრენი უცნაურ ხმებს გამოსცემდა და სწორედ, მის დატესტვას ცდილობდა მფრინავი.

“გამოკითხვების შედეგად რაც იკვეთება, რომ ვერტმფრენი იყო ახალი – ერთი წლის ტექნიკა. ის პერიოდულად ყველა აუცილებელ შემოწმებას გადიოდა, როგორც შესაბამისი ქართული სამსახურების მიერ, ასევე მწარმოებლის მიერ, ვინაიდან ეს ვერტმფრენი საგარანტიო პერიოდში იმყოფებოდა. ბოლო ტესტირება 22 მაისს გაიარა“, – აღნიშნავს ადვოკატი.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვერტმფრენში მფრინავთან და მის დამხმარესთან ერთად მესამე პირიც, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა. „ეს პრობლემა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, ვერტმფრენი ორადგილიანი იქნებოდა.

“დიდი ინტერესი აქვს კომპანიას, რომ კატასტროფის რეალური მიზეზი დადგინდეს. ფაქტია, შემთხვევა მოხდა. თავადაც აწარმოებენ მოკვლევას და გამოძიებასთან თანამშრომლობენ“, – განაცხადა წერეთელმა.

„ავიატორ +“-ის კუთვნილი ვერტმფრენი ყაზბეში 6 ივნისს ჩამოვარდა. შემთხვევას ვერტმფრენში მყოფი სამი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.