Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ის ჩამოვარდნის შემდეგ, მსოფლიოს წამყვანმა ავიაკომპანიებმა თვითმფრინავებზე საწვავის გადამრთველების მექანიზმების შემოწმება დაიწყეს. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს ამ მეტად კრიტიკული კომპონენტების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.
შემოწმებები უკვე მიმდინარეობს, ან იგეგმება შემდეგი ავიაკომპანიების თვითმფრინავებზე: Qantas Airways, All Nippon Airways (ANA), Japan Airlines (JAL), Korean Air, Singapore Airlines
აღსანიშნავია, რომ FAA-მ მსგავსი რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა.
ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მათმა ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს Boeing-ის თვითმფრინავებზე საწვავის გადამრთველების დაბლოკვის მექანიზმების შემოწმება.Air India-მ უკვე შეამოწმა საკუთარი Boeing 787-ის ფლოტის ნახევარი და Boeing 737-ის თითქმის ყველა თვითმფრინავი. ამ დროისთვის, პრობლემები არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს Air India-ს Boeing 787 Dreamliner, რომელიც აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ 11A ადგილიდან ერთი გადარჩენილი მგზავრი იპოვა. ინდოეთმა უარყო ჩამოვარდნილი Boeing-ის პილოტის თვითმკვლელობის ვერსია.












