ავიაკომპანიების ნაწილი სამგზავრო გადაზიდვებიდან სატვირთო გადაზიდვებზე გადაერთო. ამ გზით კომპანიები COVID-19-ის შედეგად გამოწვეული ღრმა კრიზისის დაძლევას ცდილობენ. მსოფლიო ავიაკომპანიების უმრავლესობამ ოპერირება შეაჩერეს, ხოლო სახელმწიფოები COVID-19-ის პანდემიას ვერ უმკლავდებიან. 

ამ დღეებში ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა, საკუთარი ისტორიის მანძილზე პირველად, სატვირთო საგანგებო ავიარეისი შეასრულაა და ფარმაცევტული და სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირება მოახდინა. რეისი VS698 ლონდონიდან ნიუ იორკის მიმართულებით გაფრინდა. ამ დროისათვის Virgin Atlantic-ს მხოლოდ სატვირთო რეისების განხორციელება შეუძლია.

კომპანია Alitalia​-მ კი, იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის კოორდინაციით, ჩინეთიდან პირველ სატვირთო რეისს გაუკეთა ორგანიზება. აღნიშნული რეისით, COVID-19-თან გასამკლავებლად, იტალიის საავადმყოფოებისთვის სამედიცინო მოწყობილობები ჩამოიტანეს. 

დღეს Alitalia-ს კუთვნილმა Boeing 777-300ER-მა შანხაიდან სატვირთო რეისი განახორციელა და რომში სამედიცინო ნაწარმი ჩამოიტანა. მათ შორისაა 3 მლნ სამედიცინო ნიღაბი.

American Airlines-მა უკვე განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის, შორმაგისტრალურ სამგზავრო საჰაერო ხომალდებს სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოიყენებს. 

United Airlines-მა სატვირთო გადაზიდვები უკვე აქტიურად დაიწყო და დღეში 40-მდე ჩარტერულ სატვირთო რეისს ასრულებს.

ასევე, Turkish Cargo-მ სატვირთო ავიარეისებისათვის Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდების გამოყენება დაიწყო.