რამდენიმე მსხვილმა ავიაკომპანიამ მგზავრები გააფრთხილა, რომ ბორტზე არ დაიშვებიან თუ კი ისინი სარქველიანი პირბადით გამოცხადდებიან.
ასეთი გაფრთხილება უკვე გააკეთეს Air Canada-მ და Lufthansa Group-მა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: Lufthansa, Austrian Airlines და Swiss.
სარქველიანი პირბადეები სატარებლად კომფორტულია, რადგანაც ის ჰაერის ფილტრაციით იცავს მგზავრს, თუმცა იმავდროულად უკან გაუწმინდავ ჰაერს უშვებს. ამრიგად მსგავსი ტიპის პირბადე სხვა მგზავრების სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამ არგუმენტით ხელმძღვანელობენ ავიაკომპანიები, ბორტზე მათი აკრძალვისას.
Lufthansa Group-ში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ გამჭვირვალე პირბადე არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციული პირბადის ალტერნატივად.
ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი დამცავი საშუალებები ბლოკავს პირდაპირ წვეთების გავრცელებას ჰაერის ნაკადის საშუალებით, თუმცა მათი გავრცელება ხდება გვერდებიდან.