ავიაკომპანიების მომართვიანობის დინამიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი კარგი ტემპებით მიმდინარეობს, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.
როგორც კარანაძემ AviaNews-თან საუბრისას განაცხადა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესს ხელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეუწყო.
“რაც შეეხება სამომავლო გათვლებს, გლობალური პანდემიის პირობებში, ავიარეისების ან მგზავრთნაკადის პროგნოზირება რთულია, რადგან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართულნი არიან სახელმწიფოები, სადაც შეიძლება განსხვავებულად განვითარდეს ეპიდსიტუაცია, ვაქცინაციის პროცესი და შესაბამისად იყოს განსხვავებული მიდგომები დაავადების პრევენციასთან და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით”, აცხადებს GCAA-ს ხელმძღვანელი.
ლევან კარანაძის განმარტებით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისების დაახლოებით 40-48%-ით აღდგენა იგეგმება.
“2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, რეგულარული რეისების შესრულება იგეგმება კვირაში 180-190 სიხშირით, ხოლო პიკურ პერიოდში 290 სიხშირით. დღეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საავიაციო მიმოსვლას 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით განახორციელებს 30 ავიაკომპანია.
2019 წელს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, რეგულარული რეისები სრულდებოდა კვირაში 460-470 სიხშირით, ხოლო პიკურ პერიოდში 590-600 სიხშირით. 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 45 ავიაკომპანია.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი და იმ ქვეყნების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, საიდანაც სრულდება ფრენები, შესაძლებლობას მოგვცემს განრიგით დადგენილი რეისები განხორციელდეს შეუფერხებლად, ზემოთ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისები დაახლოებით 40-48%-ით აღდგება”, – აცხადებს ლევან კარანაძე.