მსოფლიოს ავიაკომპანიები ბარგის გადაზიდვის წესებს ამკაცრებენ. პორტატულ დამტენებზე (power bank-ებზე) შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ახალი აკრძალვა შეეხო უკაბელო Bluetooth ყურსასმენებსა და მათ დამტენ ქეისებს. მიზეზი ლითიუმის ბატარეებია, რომლებმაც გადახურების ან მოკლე ჩართვის შემთხვევაში ხანძრის რისკი შეიძლება შექმნან.
გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ტაივანურმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის EVA Air, UNI Air და Tigerair, განაცხადეს, რომ ეს მოწყობილობები, მათ შორის პოპულარული AirPods-იც, არ უნდა ჩაბარდეს რეგისტრირებულ ბარგში. ისინი აუცილებლად უნდა გადაიტანოთ ხელბარგით.
ავიაკომპანია Tigerair-ის განცხადებაში ნათქვამია:
„ფრენის უსაფრთხოების მიზნით, პორტატული ელექტრონული მოწყობილობების, როგორიცაა ყურსასმენების დამტენი ქეისები და პორტატული ელექტრო ვენტილატორები ჩაშენებული ლითიუმ-იონური ბატარეებით, ბორტზე გადატანა ნებადართულია მხოლოდ ხელბარგში“.
UNI Air-მა დააზუსტა, რომ Bluetooth ყურსასმენები და მათი დამტენი ქეისები კლასიფიცირდება როგორც პორტატული ელექტრონული მოწყობილობები (PED), რის გამოც მათი ჩაბარება რეგისტრირებულ ბარგში დაუშვებელია.
ეს შეზღუდვები უკავშირდება პორტატული აკუმულატორების ანთების რამდენიმე ინციდენტს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იანვარში მოხდა, როდესაც ავიაკომპანია Air Busan-ის თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა გაუმართავი აკუმულატორის გამო.
Emirates-მა, Cathay Pacific-მა და Singapore Airlines-მა ნება დართეს მგზავრებს, ატარონ დამტენი მოწყობილობები სალონში, თუმცა აკრძალეს მათი გამოყენება ფრენის დროს ან შენახვა სავარძლების ზედა სათავსოებსა და ჯიბეებში.
ახალი ზელანდიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო უფრო მკაცრად მოიქცა და უკაბელო ყურსასმენების ბარგში მოთავსება სრულად აკრძალა, რადგან დამტენი ქეისი პორტატული აკუმულატორის სახეობად მიიჩნია.
რჩევა: მგზავრებს ურჩევენ, წინასწარ გადაამოწმონ კონკრეტული ავიაკომპანიის წესები, რადგან შეზღუდვები დამოკიდებულია ბატარეის სიმძლავრესა და მოწყობილობის ტიპზე.
დაცვის კონტროლი: ყველა ელექტრონული მოწყობილობა — ტელეფონები, ლეპტოპები, პლანშეტები — უსაფრთხოების კონტროლის გავლისას უნდა იყოს ჩართული და დამუხტული. თუ გაჯეტი არ ჩაირთვება, უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, შესაძლოა მისი ჩამორთმევა მოხდეს.












