ავიაკომპანია Georgian Airways-ი საკუთარი თანამშრომლების საზოგადოებისთვის გაცნობას განაგრძობს და ამჯერად ავიაკომპანია შეფ-პილოტ ვალერიან ჩხენკელზე გვიამბობს.
„თვითმფრინავის ძრავის ხმა რომ მესმის, ახლაც იგივე ემოცია მეუფლება, რაც პირველი ფრენის დროს, თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.
ვალერიან ჩხენკელი, ავიაკომპანია Georgian Airways-ის შეფ-პილოტი და ინსტრუქტორია. ხელოვანების ოჯახში გაიზარდა და თავდაპირველად სულ სხვა პროფესიას დაეუფლა, თუმცა თვითმფრინავზე ოცნება ბავშვობიდან დაიწყო: „ყოველთვის მიყვარდა ავიაცია და თვითმფრინავები, ბავშვობაში კალმის დაჭერა როგორც კი ვისწავლე, თვითმფრინავების ხატვა დავიწყე. თვითმფრინავის გადაფრენის ხმაზე ჟრუანტელი მივლიდა და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შემეძლო ამ სფეროს ერთ-ერთი წევრი გავმხდარიყავი“.
ავიაკომპანიაში მუშაობა ბორტგამცილებლად 2006 წელს დაიწყო. საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლის კასტინგზე მივიდა და ასე დაიწყო გზა ავიაციაში. 9-წლიანი მუშაობისა და 3000 ნაფრენი საათის შემდეგ, გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აესრულებინა. 2014 წელს გახდა მფრინავი „ბოინგ-737-ზე“, შემდეგ იყო „ემბრაერ 190“, დღეს კი „ბოინგ 767-ზე“ პარიზში გადასწავლებას გადის. ისევე, როგორც პროფესიის დაუფლების დროს, ახლაც, წარმატებული კარიერის პირობებშიც, მუდმივ სწავლასა და განვითარებაზე ფიქრობს:
,,-იყო მფრინავი, ნიშნავს იყო მოწესრიგებული, დისციპლინირებული, სწორი, სამართლიანი, განვითარებაზე და სიახლეების ათვისებაზე ორიენტირებული. ეს არის მუდმივი წყურვილი აკეთო რაღაც ახალი და საინტერესო. აუცილებლად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, არასდროს არ უნდა გაჩერდე.
ინსტრუქტორებისგან, მასწავლებლებისგან, ბატონ თამაზ გაიაშვილისგან (ავიაკომპანიის დამფუძნებელი და საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი), რომელიც ძალიან ძლიერი და გამოცდილი მფრინავია, მიმიღია ბევრი სასარგებლო რჩევა, ბატონი თამაზი ამდენი წელია ავიაციაშია და პილოტების არაერთი თაობა გაუზრდია, პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს.“
მფრინავის რანგში 8500 ნაფრენი საათიდან არაერთი გამორჩეული იყო: ცუდი ამინდის დროს მინიმალური მხედველობის პირობებში თვითმფრინავის წარმატებით დასმა, ძრავაში ჩიტის მოხვედრის გამო შექმნილ ვითარებასთან გამკლავება თუ პირიქით, არაერთი სახალისო დღე, როგორიც იყო საახალწლო ფრენა ამსტერდამში, როცა ხომალდის მეთაურთან ერთად სანტას ამპლუაც მოირგო. ჰყავს ყველაზე გამორჩეული მგზავრებიც: მეუღლე და სამი შვილი.
ახლა, უკვე როცა ავიაკომპანიის შეფ-პილოტი და ინსტრუქტორია, თვითმფრინავზე ისეთივე ემოციით საუბრობს, როგორც საავიაციო კარიერის დასაწყისში.
,,-თვითმფრინავის კარი რომ გაიღება, ბორტზე ავდივარ და ძრავის ხმა მესმის, იმავენაირად როგორც ბავშვობაში, ჟრუანტელი მივლის. პირველი დამოუკიდებელი ფრენის ემოცია დღემდე მახსოვს, მახსოვს ის ბილიკი, რომელზეც თვითმფრინავი დავსვი. წარმოუდგენელი სიხარული იყო. ეს ემოცია ახლაც მაქვს, არაფერი შეცვლილა, დიდი სიყვარულით ვაკეთებ ამ საქმეს, თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ავიაკომპანიაში 18 ბედნიერი წელი გავატარე და ამ საქმეს გავაგრძელებ“.