ავსტრალიური ავიაკომპანია Virgin Australia ზოგიერთ შიდა და მცირე მანძილის საერთაშორისო რეისებზე ახალ სერვისს ნერგავს: „თავისუფალი ადგილი გვერდით“. თუმცა, სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ გვთავაზობენ დამატებითი სკამების შესყიდვას, Virgin Australia ამ სერვისს თამაშის/აუქციონის სახით აფორმებს.
ახალი ოფცია 2023 წლის სამომხმარებლო გამოკითხვას მოჰყვა, რომელმაც აჩვენა, რომ მგზავრების 42% მზად არის გადაიხადოს, რათა თვითმფრინავში გვერდითა ადგილი თავისუფალი დარჩეს და გაზრდილი კომფორტით ისარგებლოს.
მგზავრებს, რომლებსაც Virgin Australia-ს ეკონომ კლასის ბილეთი აქვთ შეძენილი, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთგვარ აუქციონში:
ბილეთის გადახდის შემდეგ, ისინი კომპანიის აპლიკაციაში ტოვებენ განაცხადს გვერდითა ცარიელ ადგილზე.
განაცხადში მგზავრი უთითებს, რამდენის გადახდა სურს დამატებითი კომფორტისთვის.
ფსონები იწყება 30 ავსტრალიური დოლარიდან (დაახლოებით 17 ევრო).
გამარჯვებულები შეტყობინებას გეგმიურ გაფრენამდე არაუგვიანეს ორი საათით ადრე იღებენ.
არსებობს რისკი, რომ აუქციონის მიმდინარეობისას ადგილი სხვა ონლაინ პლატფორმიდან იქნას შეძენილი. ამ შემთხვევაში, აუქციონი გაუქმდება და მგზავრები გადახდილ თანხას უკან დაიბრუნებენ.
სხვა ავიაკომპანიების მსგავსი სქემები
ევროპული ავიაკომპანიებიც გვთავაზობენ მსგავს სქემებს:
Air France-ის ოფცია „ჩემი დამატებითი სივრცე“ მგზავრებს საშუალებას აძლევს, სამამდე მეზობელი სკამის პრივატიზება მოახდინონ. ტარიფი გამოითვლება ფრენის ხანგრძლივობისა და თავისუფალი სკამების რაოდენობის მიხედვით და დამოკიდებულია თავისუფალი ადგილების ხელმისაწვდომობაზე რეგისტრაციის მომენტში.
Lufthansa გვთავაზობს სქემას “თავისუფალი მეზობელი სკამი” (Free Neighbour Seat) კონტინენტურ და ინტერკონტინენტურ მარშრუტებზე. გარდა ამისა, მათ აქვთ “მძინარეთა რიგი” (Sleepers Row), რომელიც ეკონომ კლასის მგზავრებს შორ მანძილზე ფრენების დროს სამი ან ოთხი სკამისგან შემდგარ მთელ რიგს უტოვებს. ამ ვარიანტის დაჯავშნის შემთხვევაში, მგზავრებს აწვდიან ყველაფერს, რაც ძილისთვის არის საჭირო – თხელ ლეიბს, ბალიშსა და პლედს.












