ქართული ავიაკომპანია “თი სი ეი”-ს (Airline TCA LLC) ავიაპარკს HAWKER 800XP შეემატა. აღნიშნული საჰაერო ხომალდი უნიკალური არის იმით, რომ მას ამბულანს ფრენების განხორციელებაც შეეძლება.
ავიაკომპანიამ აღნიშნული საჰაერო ხომალდი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სალიზინგო კომპანიისგან აიღო. საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაეშვა. ამის შემდეგ კი დაიწყება მისი რეგისტრაციის პროცედურები და ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ ოპერირებასაც შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ HAWKER 800XP არის საჰაერო ხომალდი, ცვალებადი კონფიგურაციით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიზნეს დანიშნულებით ფრენების განსახორციელებლად, ასევე სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებისათვის. საჰაერო ხომალდის გადაწყობა/აღჭურვა საჭიროებიდან გამომდინარე დროის თვალსაზრისით სულ რაღაც 2 საათში არის შესაძლებელი.
ავიაკომპანია “თი სი ეი“ საჰაერო ხომალდის ჩამოყვანის ძირითად დანიშნულებად მოიაზრებს სამედიცინო – საევაკუაციო გადაყვანა/გადაზიდვებს, რადგან ამიერკავკასიის რეგიონში, ასეთი სახის საჰაერო ხომალდი არ არის.
2019/2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოდან საშუალოდ 100-მდე სამედიცინო დანიშნულების გადაყვანა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. თუმცაღა ის მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ მოიაზრება, რადგან ავიაკომპანია სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორებთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
დღეისათვის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი ოთხს თვითმფრინავს აერთიანებს, რომელის ექსპლუატანტიც ავიაკომპანია “თი სი ეი“-ა.