სკანდინავიური ავიაკომპანია Scandinavian Airlines (SAS) ფრენების განრიგში მასშტაბურ ცვლილებებს აანონსებს. ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების ფონზე, საავიაციო ნავთის ფასის მკვეთრმა ზრდამ გადამზიდავი აიძულა, აპრილის თვეში მინიმუმ ათასი რეისი გააუქმოს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ანკო ვან დერ ვერფის განცხადებით, საწვავის ღირებულება სულ რაღაც ათ დღეში გაორმაგდა, რაც მთელი ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო დარტყმაა.
კრიზისი პირდაპირ კავშირშია რეგიონულ კონფლიქტთან, რამაც საფრთხე შეუქმნა ნავთობის ინფრასტრუქტურასა და მიწოდების ჯაჭვს ჰორმუზის სრუტის გავლით. შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს მიაღწია. SAS-ის მიერ ფრენების შეკვეცა ძირითადად ნორვეგიის შიდა მარშრუტებს შეეხო, თუმცა კომპანია ტარიფების გაზრდასაც გეგმავს. მსგავს გადაწყვეტილებას უკვე აანონსებენ სხვა მსხვილი მოთამაშეებიც, მათ შორის Air France-KLM, Cathay Pacific და Air India, რაც მომხმარებლებისთვის ავიაბილეთების გაძვირებას ნიშნავს.
საინტერესოა, რომ SAS-ისგან განსხვავებით, მისი მთავარი კონკურენტი Norwegian Air Shuttle საპირისპირო სტრატეგიას ირჩევს და სააღდგომო პერიოდში ტურისტულ მიმართულებებზე რეისების რაოდენობას ზრდის. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ტარიფები ბაზარზე კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება, მაშინაც კი, თუ გეოპოლიტიკური ვითარება უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება.












