ნორვეგიიდან ესპანეთში მიმავალ თვითმფრინავს დანიაში ავარიული დაშვება მას შემდეგ მოუწია, რაც მგზავრისთვის მიწოდებული საკვებიდან თაგვი გაიქცა.
CBS News-ის თანახმად, Scandinavian Airlines-ი (SAS) ოსლოდან (ნორვეგია) მალაგას (ესპანეთში) მიმართულებით ასრულებდა რეისს.
რეისის ერთ-ერთი მგზავრის ჟარლე ბორესტადის საკვებში ცოცხალი თაგვი აღმოჩნდა. უფრო ზუსტად, როდესაც მგზავრმა ბორტზე დარიგებული საკვების ყუთი გახსნა, აღნიშნული ყუთიდან თაგვი გადმოხტა და გაიქცა.
ავიაკომპანიის სპიკერმა ოისტეინ შმიდტმა AFP-ს განუცხადა, რომ კომპანიის პროცედურების შესაბამისად ავარიული დაშვება კოპენჰაგენში განხორციელდა, რადგან თაგვებმა და სხვა მღრღნელებმა შესაძლოა ფრენის უსაფრთხებას საფრთხე შეუქმნან. ავიაკომპანიებს, როგორც წესი, აქვთ მკაცრად გაწერილი პროტოკოლები ბორტზე მღრღნელების დაფიქსირებისას, რადგან ელექტრო გაყვანილობის გადაღრღნა შეუძლიათ.
მგზავრები ესპანეთში მოგზაურობის გასაგრძელებლად სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს.