ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ს საჰაერო ხომალდი Boeing-747-281BF საბორტე ნომრით 4L-GEO, რომელმაც სულ ახლახანს ჯაკარტაში პერიოდული ტექნიკური შემოწმება გაიარა და ავიაკომპანიის კორპორატიულ ფერებშიც დაიბრენდა, საქართველოში უკვე დაბრუნდა და ოპერირებასაც შეუდგა. Geo Sky-ს ვიცე-პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განმარტებით, ავიაკომპანია საკუთარი “ცის დედოფლების” ტექნიკურ შემოწმებას ჯაკარტაში ახდენს, სადაც 7 ოქტომბერს Geo Sky-სა და კომპანია GMF Aero Asia-ს შორის მორიგი პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.შალვა კიკნაძესა და GMF Aero Asia-ს ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა, სადაც დეტალურად იქნა განხილული და შეთანხმებული მომავალი თანამშრომლობის გეგმები .
“ჩვენი საჰაერო ხომალდების, Boeing-747-ის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უშუალოდ Boeing-ის მიერ შემუშავებული ტექნიკური მომსახურების პროგრამის შესაბამისად. ჩვენი Boeing-747-ის საბაზისო გეგმიური ტექნიკური მომსახურება 3600 საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ჯაკარტაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და უდიდესი საწარმო, სადაც Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებები წარმოებს. ჩემი ჯაკარტაში ვიზიტის დროს, Geo Sky-სა და GMF Aero Asia -ს თანამშრომლობის ვადის გახანგრძლივება მოხდა და მხარეებს შორის 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად გვიწევს ჩინეთის მიმართულებით რეისების განხორციელება, ჯაკარტა ანუ აზია ტექნიკური მომსახურების კუთხით ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია ვიდრე აშშ”, განმარტა შალვა კინკაძემ.
როგორც Geo Sky-ს ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, ჯაკარტაში და ზოგადად ინდონეზიაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და ამ ფონზე Geo Sky-მ პარტნიორ კომპანია GMF Aero Asia-ს საჩუქრად პირბადეების მარაგი გადასცა.
“ჯაკარტაში კომპანია GMF Aero Asia -თან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და გვინდოდა გარკვეული პატივისცემა გამოგვეხატა. ინდონეზიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა. ჯაკარტას დღიურად საშუალოდ 25 ათასი შემთხვევა აქვს და Geo Sky-ს მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რათა GMF Aero Asia -თვის 10 000 პირბადე გადაგვეცა”, განაცხადა შალვა კიკნაძემ.
შეგახსენებთ, რომ Boeing-747-236SF, 4L-GEN რომლის ექსპლუატანტიც ასევე Geo Sky არის ახალი დიზაინით თითქმის 2 თვეა უკვე ასრულებს რეისებს.