ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. 2025 წლის 44.3-მილიონიანი ზარალის შემდეგ, კომპანიამ აქციების საჯარო განთავსების (IPO) პროცესი შეაჩერა. წლიური ანგარიშის თანახმად, ავიაკომპანია 2026 წელსაც უარყოფითი ფულადი ნაკადებით იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საქმიანობის გასაგრძელებლად დამატებით 100-დან 150 მილიონ ევრომდე სჭირდება.

კაპიტალის მოსაზიდად airBaltic-ი, ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით, ალტერნატიულ გზებს ეძებს, მათ შორის განიხილება შერწყმისა და შთანთქმის (M&A) გარიგებები. კომპანიამ დაიქირავა საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტები სტრატეგიული ინვესტორების მოსაძიებლად. თუ გარე დაფინანსების მოძიება ვერ მოხერხდება, მენეჯმენტი კვლავ სახელმწიფოს მიმართავს დახმარებისთვის, რაც ლატვიელი გადამხდელებისთვის მორიგ ტვირთად შეიძლება იქცეს.

ფინანსურ პრობლემებთან ერთად, ავიაკომპანიამ ფლოტის ერთი ერთეულიც დაკარგა. 2025 წლის ივნისში, რიგაში ტექნიკური დათვალიერებისას, Airbus A220-300 ტიპის ხომალდმა სერიოზული თერმული დაზიანება მიიღო. მწარმოებლის შეფასებით, თვითმფრინავის აღდგენა ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა, კომპანიის ანგარიშში ამ ინციდენტით გამოწვეული ზარალი მხოლოდ 6.2 მილიონ ევროდაა მითითებული, რაც დაზღვევითა და საოპერაციო ლიზინგის პირობებით აიხსნება.

ამ ეტაპზე airBaltic-ის ფლოტი 53 თვითმფრინავისგან შედგება. კომპანიის ამბიციური გეგმა — 2032 წლისთვის ხომალდების რაოდენობის 99-მდე გაზრდა — არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი ბიზნესგეგმა და მკაცრი ეკონომიის რეჟიმი კომპანიას მომგებიანობისკენ დააბრუნებს