Boeing 737-ის ჩამოვარდნის შემდეგ სამხრეთ კორეის ყველა აეროპორტს ფრინველების აღმომჩენი კამერების და თერმული რადარების დაყენება დაევალდებულათ.
ამის შესახებ BBC News-ი ქვეყნის მიწის რესურსების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. რადარები განლაგდება 2026 წელს და დააფიქსირებენ ფრინველების ზომას და მათ მოძრაობას, შემდეგ კი ამ ინფორმაციას გადასცემენ ავიამეთვალყურეებს.
„ფრინველების აღმოჩენის რადარები დამონტაჟდება ყველა აეროპორტში, რათა გაუმჯობესდეს მათი ადრეული გამოვლენა და გააძლიეროს თვითმფრინავების რეაგირების შესაძლებლობები“.
აღნიშნულია, რომ ამჟამად თერმოგრაფიული კამერები ხელმისაწვდომია მხოლოდ ქვეყნის ოთხ აეროპორტში. გარდა ამისა, უცნობია აქვთ თუ არა რადარი ფრინველების გამოსავლენად. ასევე ვალდებულებებშია აეროპორტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე ობიექტების დახურვა, რომლებიც შესაძლოა ფრინველებს იზიდავდეს.
ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეაში
29 დეკემბერს, დილით, Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავდა მუანის აეროპორტისკენ, ავარიული დაშვების დროს ასაფრენი ბილიკიდან გადმოვარდა, ბეტონის კედელს დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა.
ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის მხოლოდ ორი წევრი გადარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟი გააფრთხილეს “ფრინველების აქტივობაზე”.
მედიის ცნობით, გამომძიებლებმა Jeju Air-ის თვითმფრინავის ორივე ძრავაში ფრინველის ბუმბული და სისხლი აღმოაჩინეს.