Ethiopian Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო Boeing-მა ახალი Boeing 777X-ის პრეზენტაცია გადადო. ღონისძიება 13 მარტისთვის იყო ჩანიშნული.
ავიაკატასტროფა, რომელიც 10 მარტს მოხდა, ეს უკვე მეორე უდიდესი ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც Boeing 737-ს შეემთხვა.
Boeing-ში განმარტავენ, რომ ინციდენტის შემდეგ გამოძიებაში მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერი – Boeing 737 Max 8 არის გაუმჯობესებული, მეორე ვერსია — 737 Max-ის, რომელის ექსპლუატაციაც 2017 წელს დაიწყო. მწარმოებლის გათვლებით, ამ მოდელებს უნდა ჩაენაცვლებინათ Boeing 737 Next Generation-ი.
ახალი თაობის Boeing 737-მა ავიაკატასტროფა უკვე მეორედ განიცადა. პირველი შემთხვევა 2018 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც Lion Air-ის კუთვნილი Boeing 737 Max 8 ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად ჩამოვარდა.
ნოემბერში უკვე ცნობილი გახდა, რომ Boeing-მა, წინასწარი გამოძიების საფუძველზე, მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ოპერატორებს გაფრთხილება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ კონტროლს სისტემების ხარვეზს, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოეტანა.
ეთიოპიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩინეთმა გამოძიების დასრულებამდე Boeing 737 Max 8-ით რეისების განხორციელება შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ჩინური ავიაკომპანიები საერთო ჯამში 60 ერთეული Boeing 737 Max 8-ის მფლობელები არიან.